მორიგი დეზინფორმაცია ჩვენი დამფუძნებლის შესახებ
2021 წლის 20 თებერვალს ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის გადაცემაში მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა ჩვენი დამფუძნებლის, ბადრი წილოსანისა და მისი ოჯახის შესასახებ. შევეცდებით სათითაოდ შევეხოთ გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას:
1. გადაცემის ლაიტმოტივს წარმოადგენდა – თითქოს ნინო წილოსანის „დამსახურებით“ მისი მამის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ ჭიანურდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინო წილოსანი პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა 2016 წლის შემოდგომაზე, ხოლო დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2013 წლიდან (საქმის არსებითად განსახილველად გადაცემიდან 2015 წლის ჩათვლით არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა. ყოველ პროცესზე ჩვენი მხარის დაჟინებულ თხოვნას წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულება.
2. გადაცემაში გაჟღერდა, რომ ნინო წილოსანი დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე არც კი დაუკითხავთ, არადა თურმე სწორედ იგი განაგებდა ქარხნის ფინანსებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაციაც არის სიცრუე, რადგან სისხლის სამართლის საქმე შეეხება 2008-2012 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლის დროსაც ნინო წილოსანს ეკავა რიგითი თანამდებობა ქარხნის სტრუქტურაში (არ იყო არც ფინანსური დირექტორი, არ განაგებდა მის ფინანსებს და მითუმეტეს არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო), შესაბამისად, გაურკვეველია ჟურნალისტის აპელირება ამ თემაზე. ამასთან, კიდევ ერთხელ განვმეორდებით, რომ ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი გახდა 2016 წლის შემოდგომაზე, ხოლო დასახელებული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2012 წელს, გამოძიება დასრულდა და სასამართლოს განსახილველად გადაეცა 2013 წელს.
3. რაც შეეხება სიუჟეტში გამოყვანილ პირს – ავთანდილ საყვარელიძეს, რომელიც დაუზარელად მორიგ ზღაპრებს უყვება საზოგადოებას, გვინდა რამდენიმე ფაქტი ჩამოვთვალოთ ამ პირის შესახებ:
– ზუსტად იგივე სახის ინფორმაციის გავრცელებისათვის ბოდიშის მოხდა და ფაქტების უარყოფა დაავალა სასაართლომ ამ პირს 2018 წელს;
– საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა ამ პირს ბადრი წილოსანის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რითაც იგი ელექტროვაგონშეკეთებელი ქარხნის 25% აქციების მისთვის მიკუთვნებას ითხოვდა;
– 2012 წელს სასაართლომ საყვარელიძის კომპანიას 28 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის წინააღმდეგ.
– ავთანდილ საყვარელიძე არის პიროვნება, რომელსაც 2005 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი წესით გადასცა ქარხნის აქციების საკონტროლო პაკეტი;
– ავთანდილ საყვარელიძე არის პიროვნება, რომელმაც 3 წელიწადში ქარხანა გააკოტრა და 73 მილიონი ლარის დავალიანება დაუტოვა.

სს „ელექტროვაგონშეკეთებელი ქარხნის“ ადმინისტრაცია